საქმიანობა

ინსტიტუტის მიზანი, ამოცანა, საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი   

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საგანმანათლებლო პროფილის  საჯარო სამართლის იურიდიული პირია და ფუნქციონირებს მის ბაზაზე. 

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საქმიანობს რამდენიმე მიმართულებით:  უზრუნველყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას, ექსკლუზიური უფლებით ახორციელებს საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სერტიფიცირებას, მუნიციპალური განვითარებისა და საჯარო მოხელის პროფესიული  განვითარების პროგრამებს, ატარებს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ტრენინგებს, გეგმავს კვლევით/ანალიტიკურ, საექსპერტო და საკონსულტაციო მომსახურებას, ქმნის პროფესიულ ლიტერატურას და სასწავლო სახელმძღვანელოებს.  

ინსტიტუტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის საფუძველზე 2012 წელს ჩამოყალიბდა და ორი ძირითადი მიმართულებით საქმიანობდა − საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურება და საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირება. 2019 წლიდან ინსტიტუტმა აუდიტორული საქმიანობა შეწყვიტა და ძირითად მიმართულებად საგანმანათლებლო პროფილი აირჩია. 

 

სასწავლო პროგრამები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარება

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის პირველადი ფუნქციაა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ინსტიტუტის მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, თანამშრომელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა, მათი ცოდნის გაღრმავებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, შესაბამისი სასწავლო კურსების შემუშავება და ტრენინგების ჩატარება.

ამ მიზნით, საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ახორციელებს სასწავლო პროგრამებს, მათ შორის, საჯარო ფინანსების მართვის, აუდიტის, პროფესიული და ტექნიკური (soft) უნარების, პროექტების მართვის, საოფისე პროგრამებისა და სხვა მიმართულებებით. 

საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სერტიფიცირების პროგრამა 

საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირება საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ექსკლუზიური უფლებაა. დაინტერესებულ პირებს (ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და მოქმედ აუდიტორებს) შესაძლებლობა აქვთ, შეისწავლონ აუდიტის საკანონმდებლო ბაზა, გაეცნონ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს, მოქმედების სფეროებსა და სტრუქტურას.

სასერტიფიკატო კურსი მოიცავს: ფინანსურ, შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტის თემატიკას, საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსს. სასერტიფიკატო პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა საჯარო სამსახურში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი ხუთწლიანი სერტიფიკატი. 

მუნიციპალური განვითარების პროგრამა 

სასწავლო კურსის პროფესიული პროგრამა 2019 წელს, სპეციალურად მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი აუდიტორული მიგნებებისა და რეკომენდაციების მონიტორინგის მასალების საფუძველზე შემუშავდა. 

სასწავლო კურსის მსმენელებს საშუალება აქვთ, გაეცნონ შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ძირითად პრინციპებს, საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო პრაქტიკებს, ასევე რისკზე დაფუძნებულ მიდგომებს და შიდა სამართლებრივ რეგულაციებს. 

2020 წლიდან მუნიციპალური განვითარების პროგრამას დაემატა სასწავლო პროგრამები − სახელმწიფო ქონების მართვა, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა, პროგრამული ბიუჯეტირება, სახელმწიფო შესყიდვები. 

საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამები  

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მოიპოვა  განათლების  ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაცია  და  მიიღო უფლება, განახორციელოს  საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამები. 

ინსტიტუტმა 2019 წლიდანვე დაიწყო  საჯარო სექტორში დასაქმებული ყველა რანგის მოხელეთათვის სასწავლო პროგრამების −  „მოხელის მენეჯერული უნარები“ და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“ განხორციელება და შესაბამისი სერტიფიკატების გაცემა. 
 
ინდივიდუალური  და კორპორაციული ტრენინგები 

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ახორციელებს ინდივიდუალურ (საცალო) და კორპორაციულ სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს. ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო კურსები ტარდება წინასწარ შედგენილი გეგმური კალენდრის მიხედვით და მოიცავს შემდეგ მოდულებს: რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტი − პრაქტიკული კურსი საჯარო და კერძო სექტორის აუდიტორებისთვის; ხარისხის კონტროლი და პროცესების მართვა; სახელმწიფო შესყიდვები; პროექტების მართვა; ფინანსური აუდიტი; ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება; ადამიანური რესურსების მართვა; ლიდერობა და მენეჯმენტი; ტრენერთა ტრენინგი; Scrum & Agile − პროექტების  მართვა; Leadership-ის პროგრამა; ბიზნესპროცესების ეფექტიანობის შეფასება; მონაცემთა ვიზუალიზაცია;  საოფისე პროგრამა Excel და სხვ. 

ინსტიტუტი ასევე ახორციელებს კორპორაციულ ტრენინგებს, თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, შეიმუშავებს მათი მოთხოვნების, საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამის სასწავლო კურსებს.

კვლევა და საკონსულტაციო მომსახურება 

ინსტიტუტი ახორციელებს ტრენინგების საჭიროების შეფასებას (TNA), რაც,   ერთი  მხრივ, მიზნად ისახავს ტრენინგების მიმართულებების საჭიროების იდენტიფიცირებას ორგანიზაციის თითოეული  თანამშრომლის/ერთეულის/დეპარტამენტის დონეზე  და, მეორე მხრივ, ხელს უწყობს თანამშრომელთა განვითარების წლიური გეგმის შედგენას, შესაბამისად, მათი სამუშაოსთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება-განვითარებას, სამუშაო პროცესის გაუმჯობესებასა და თანამშრომელთა მოტივაციის გაზრდას. 

ინსტიტუტი დაინტერესებულ ორგანიზაციებს სთავაზობს კვლევით/ანალიტიკურ, საექსპერტო და საკონსულტაციო მომსახურებას სხვადასხვა მიმართულებით, გეგმავს სოციალური და მარკეტინგული  კვლევების მიმართულებით განვითარებას.  
 
პროფესიული ლიტერატურა 

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი უფლებამოსილია, მოამზადოს და გამოსცეს სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოები, ქართულ ენაზე თარგმნოს და გამოსცეს შესაბამისი პროფესიული უცხოური ლიტერატურა. 

ინსტიტუტი მუშაობს საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკატო პროგრამის სახელმძღვანელოზე. 
 

© 2019 ყველა უფლება დაცულია