პერსონალურ მონაცემთა დაცვის საფუძვლები
მსოფლიოს ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ სწრაფად მზარდია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მასშტაბი და ინტენსივობა, რაც მონაცემთა სუბიექტებს დაცვის განსაკუთრებული საჭიროების წინაშე აყენებს.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს ახალი კანონი, რომელიც 2024 წლის პირველი ივნისიდან სრულად ამოქმედდა, ითვალისწინებს მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის არაერთ გარანტიას და შესაბამისად, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი და უფლებამოსილი პირების შემხვედრ ვალდებულებებს. ამასთანავე, ახალი კანონი აყალიბებს არაერთ მექანიზმს/ინსტიტუტს, რომელიც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირების მიმართ არაერთ ახალ ვალდებულებას აჩენს.
ამდენად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული უახლესი ცვლილებებისა და მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების შექმნის განსაკუთრებული საჭიროების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროსთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.