26 აპრილს გასამართ სასერტიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული პროცედურები
17 აპრილი, 20142014 წლის26 აპრილს სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ატარებს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთათვის სასერტიფიკაციო გამოცდას. სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სასწავლო კურსი, გადაიხადეს გამოცდის საფასური და შესაბამისი განცხადებით მომართეს ინსტიტუტს გამოცდაზე გასვლის თხოვნით.
სასერტიფიკაციო გამოცდის პროცედურები
- სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტში 2014 წლის 26 აპრილს გასამართი სასერტიფიკაციო გამოცდის ხანგრძლივობაა 3 საათი.
- გამოცდაში მონაწილე კანდიდატები გადანაწილდებიან პირველ და მეორე ჯგუფებში.
- პირვლი ჯგუფის გამოცდა იწყება 09 საათსა და 30 წუთზე და მთავრდება 12 საათსა და 30 წუთზე, ხოლო მეორე ჯგუფის გამოცდა იწყება 13 საათსა და 00 წუთზე და მთავრდება 16 საათსა და 00 წუთზე. პირველ ჯგუფში განაწილებული კანდიდატი გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს 09 საათსა და 10 წუთზე, ხოლო მეორე ჯგუფში განაწილებული კანდიდატი გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს 12 საათსა და 40 წუთზე;
- გამოცდის დაწყებამდე წარმოებს კანდიდატთა დასწრების აღრიცხვა (ადმინისტრატორის მიერ) რასაც კანდიდატი ადასტურებს ხელმოწერით.
- საგამოცდო პროცედურებთან დაკავშირებით გამოცდის დაწყებამდე კანდიდატებს უტარდებათ ინსტრუქტაჟი, კერძოდ:
ა) გამოცდაზე დამსწრე დამკვირვებლებისა და ვიდეო გადაღების შესახებ;
ბ) გამოცდის ხანგრძლივობის თაობაზე;
გ) გამოცდაზე დასაშვებ და აკრძალულ ნივთებთან დაკავშირებით (დასაშვები - წყალი, პირადი ჰიგიენის საგნები; აკრძალული - მობილური ტელეფონი ან სხვა ელექტრონული აპარატურა, დამხმარე მასალა, სახელმძღვანელოები, ჩანაწერები, ინსტიტუტის მიერ გამოყოფილი „გელიანი კალმის“ გარდა სხვა კალამი და სხვ.);
დ) გამოცდაზე ქცევის წესებისა და მათი დარღვევის შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქციების თაობაზე (გაფრთხილება, გამოცდიდან მოხსნა);
ე) ტესტური დავალებებისა და პასუხების ფურცლების გამოყენებასთან დაკავშირებით;
ვ) გამოცდისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდგომ ტესტურ დავალებაზე მუშაობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და ინსტიტუტის მიერ გამოყოფილი ტესტური დავალების, პასუხების ფურცლისა და სხვა საგნების ჩაბარების თაობაზე;
ზ) გამოცდის შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებასთან და შედეგების გასაჩივრების პროცედურებთან დაკავშირებით.
- ინსტრუქტაჟის ჩატარების შემდგომ ხდება კანდიდატთა განთავსება საგამოცდო ოთახში;
- გამოცდის დაწყებამდე კანდიდატებს საგამოცდო ოთახში გადაეცემათ სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისათვის ინსტიტუტის მიერ გამოყოფილი ტესტური დავალებები, პასუხების ფურცლები და „გელიანი კალმები“ .
- კანდიდატის დაგვიანების შემთხვევაში, იგი დაიშვება გამოცდაზე, მას დამატებითი დრო არ მიეცემა;
- გამოცდის მიმდინარეობის დროს კანდიდატის მხრიდან დადგენილი ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში დამკვირვებელი ადგენს შესაბამის ოქმს (გაფრთხილების ოქმი, გამოცდიდან მოხსნის ოქმი).
- მას შემდგომ, რაც კანდიდატი დაასრულებს ტესტებზე მუშაობას, მან ისე, რომ სხვა კანდიდატებს არ შეუშალოს ხელი, საგამოცდო დარბაზში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, ტესტების ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს (ადმინისტრატორს), უნდა ჩააბაროს მისთვის გადაცემული ტესტური დავალებები და პასუხების ფურცელი, ასევე ინსტიტუტის მიერ გამოცდის პერიოდში გადაცემული ინვენტარი. კანდიდატს მიეცემა მის მიერ შევსებული პასუხების ფურცლის ქსეროასლი, რის შემდეგაც კანდიდატი ტოვებს საგამოცდო დარბაზს.
- კანდიდატის მიერ ჩაბარებულ ტესტების დავალებისა და პასუხების ფურცელს ადმინისტრატორის მიერ ეწერება კანდიდატისათვის მინიჭებული უნიკალური კოდი, რის საფუძველზეც შემდგომში ხდება ნაშრომების გასწორება.
- ყველა კანდიდატის მიერ საგამოცდო ტესტების ჩაბარების შემდეგ, ხდება ნაშრომების გადაცემა საგამოცდო კომისიისათვის.