ფინანსური აუდიტის მორიგი ტრენინგი კიდევ 15-მა პირმა გაიარა
06 აგვისტო, 2021საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ფინანსური აუდიტის მორიგი ტრენინგი დაასრულა.
ტრენინგკურსზე, რომელიც მოქმედი და მომავალი აუდიტორებისთვისაა შექმნილი, მსმენელები ცოდნას იღრმავებენ სხვადასხვა მიმართულებით - აუდიტის საკანონმდებლო ბაზა და სტრუქტურა, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი, ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დაგეგმვა, აუდიტორული მტკიცებულებები, აუდიტორული დასკვნის შედგენა და სხვა.
სასწავლო კურსი, რომელიც 14 ივლისიდან 5 აგვისტომდე გაგრძელდა, ონლაინრეჟიმში ჩატარდა და 15 მსმენელი ჰყავდა. მსმენელები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ. მათ შორის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის იურისტები, მცხეთის, ხაშურის, ცაგერის, ტყიბულის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლები და კერძო აუდიტორული კომპანიების აუდიტორები.
ტრენინგს უძღვებოდნენ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის გამოცდილი ტრენერები - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დეპარტამენტების უფროსები თორნიკე შერმადინი და დავით ქინქლაძე.