ტრენინგში „რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“ 17 მსმენელი მონაწილეობს
12 ოქტომბერი, 2023საჯარო აუდიტის ინსტიტუტში „რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“ ტრენინგის სასწავლო კურსი დაიწყო.
სასწავლო პროგრამა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი მიგნებების პრაქტიკულ მაგალითებზეა დაფუძნებული და მას გენერალური აუდიტორის მოადგილე ზაზა შეყილაძე და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ზურაბ მაისურაძე უძღვებიან.
ტრენინგს საჯარო უწყების 17 თანამშრომელი ესწრება, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციის, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის, აჭარის წყლის ალიანსის, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები.
ტრენინგკურსის მიზანია, მსმენელებს დაეხმაროს სახელმწიფო შესყიდვების საფუძვლების და მისი თანმხლები პროცესების შესწავლაში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში შესყიდვებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებასა და მართვაში, მათი გამომწვევი მიზეზების გამოვლენასა და გადაჭრის გზების მოძიებაში, პროცედურების დანერგვაში.
ტრენინგკურსი 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება. შემაჯამებელი გამოცდის შემდეგ კურსის წარმატებული მსმენელები შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ.
ტრენინგზე „რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“ მიმდინარე წელს მეოთხედ ტარდება.