ტრენინგში „რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“ 22 მსმენელი მონაწილეობს
23 თებერვალი, 2021საჯარო აუდიტის ინსტიტუტში „რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“ ტრენინგის სასწავლო კურსი დაიწყო.
სასწავლო პროგრამას, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი მიგნებების პრაქტიკულ მაგალითებზეა დაფუძნებული, კვალიფიციური, პრაქტიკოსი აუდიტორები უძღვებიან.
ტრენინგკურსის მიზანია, მსმენელებს დაეხმაროს სახელმწიფო შესყიდვების საფუძვლების და მისი თანმხლები პროცესების შესწავლაში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში შესყიდვებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებასა და მართვაში, მათი გამომწვევი მიზეზების გამოვლენასა და გადაჭრის გზების მოძიებაში, პროცედურების დანერგვაში.
ტრენინგს 22 მსმენელი ესწრება კერძო და საჯარო უწყებებიდან, მათ შორის ლანჩხუთის, ასპინის, ბათუმის, რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების, აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს, შპს „საქართველოს მელიორაციის“, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, მუნიციპალური განვითარების ფონდის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ასევე ა(ა)იპ „ოუფენ ნეტის“ და კერძო საკონსულტაციო კომპანია „გრანდ თორთონის“ თანამშრომლები.
ტრენინგკურსი 18 მარტამდე გაგრძელდება. შემაჯამებელი გამოცდის შემდეგ კურსის წარმატებული მსმენელები შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ.
ტრენინგზე „რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“ მიღებას საჯარო აუდიტის ინსტიტუტი წელიწადში სამჯერ აცხადებს. გასულ წელს სასწავლო პროგრამა სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით 65-მა პირმა გაიარა.