ტრენინგკურსი ფინანსურ თაღლითობასა და კორუფციაზე დასრულდა
13 მაისი, 2025საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ორგანიზებით საჯარო მოხელეებისათვის წელს მეორედ ჩატარდა სასწავლო კურსი „ფინანსური თაღლითობა და კორუფცია-პრევენცია, გამოვლენა და კონტროლი“.
ტრენინგი ჰიბრიდულ რეჟიმში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას 24 მსმენელი დაესწრო. მსმენელებს შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საპენსიო სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ოზურგეთის, თიანეთის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების მერიების თანამშრომლები იყვნენ.
ტრენინგზე მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია იმ თანამედროვე პრაქტიკების შესახებ, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია თაღლითობის მახასიათებელი საფრთხეების გაცნობიერება, შეფასება და პრევენცია. მიღებული ცოდნა მათ დაეხმარება თაღლითობის სახეობების - აქტივების მითვისება, ფინანსური ანგარიშგების გაყალბება, კორუფცია - იდენტიფიცირებასა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაში.
კურსის განმავლობაში განიხილეს პრაქტიკული მაგალითებიც, რაც მსმენელებს საშუალებას აძლევს უფრო ნათლად გამოარჩიონ კორუფციის, ყალბი ფინანსური აღრიცხვის, პირადი სარგებლის მიღების მიზნით ფინანსური თაღლითობის პრეცენდენტები.
ტრენინგკურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი თორნიკე შერმადინი და უფროსი აუდიტორი ირაკლი პეტრიაშვილი უძღვებოდნენ.