ტრენინგკურსი „რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“ დასრულდა
18 აპრილი, 2025საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგკურსი „რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“ დაასრულა.
ტრენინგკურსი მსმენელებს დაეხმარა სახელმწიფო შესყიდვების საფუძვლების და მისი თანმხლები პროცესების უკეთ გაცნობაში. ტრენინგის მონაწილეებმა მოისმინეს შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა აქტუალური საკითხი, მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციებში შესყიდვებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და მართვა, მათი გამომწვევი მიზეზების გამოვლენა და გადაჭრის გზები, პროცედურების დანერგვა.
ტრენინგკურსი ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა და მას 17 მსმენელი დაესწრო. მსმენელებს შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს, თბილისის მერიის, დედაქალაქის საკრებულოს, ზუგდიდის და დუშეთის მუნიციპალიტეტების მერიების თანამშრომლები იყვნენ.
კურსის - „რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“ - სასწავლო მასალები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი მიგნებების განზოგადებულ პრაქტიკულ მაგალითებზეა აგებული.
ტრენინგკურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე ზაზა შეყილაძე და საქართველოს მთავრობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი გურამ დუმბაძე უძღვებოდნენ.