სერტიფიცირების პროგრამის საგაზაფხულო ნაკადმა ტრენინგები დაასრულა
06 მაისი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველი პირებისთვის სერტიფიცირების საგაზაფხულო კურსი დაასრულა.
სწავლება დისტანციურ რეჟიმში 14 მსმენელის მონაწილეობით მიმდინარეობდა. მსმენელები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ - როგორც საჯარო უწყებების, ასევე კერძო აუდიტორული, საფინანსო და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიების თანამშრომლები.
სერტიფიცირების კურსი ორ თემატურ მიმართულებას მოიცავს - საჯარო ფინანსები და აუდიტის ტიპები. საჯარო ფინანსების მიმართულებით მსმენელები საბიუჯეტო კანონმდებლობას და საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს (IPSAS) ითვისებენ, აუდიტის მიმართულება კი ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტების სიღრმისეულ შესწავლას გულისხმობს.
სასწავლო კურსი 21 თებერვალს დაიწყო და 6 მაისს დასრულდა. სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მონაწილეები ხუთი წლის ვადით საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებას მოიპოვებენ.