სემეკის თანამშრომლებისთვის „გენდერული თანასწორობის“ ტრენინგი ჩატარდა
04 ივლისი, 2023საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკი) თანამშრომლობის ფარგლებში ტრენინგების ციკლს აგრძელებს. მორიგი ტრენინგის თემა „გენდერული თანასწორობა“ იყო.
ტრენინგკურსზე მსმენელები რამდენიმე აქტუალურ საკითხს და მასთან დაკავშირებულ მიდგომებსა და კანონმდებლობას გაეცნენ, მათ შორის: თანასწორობა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სტერეოტიპები, წინასწარგანწყობები, დისკრიმინაციული ქცევის მექანიზმები და სოციალური ასპექტები,დისკრიმინაციის ფორმები კანონმდებლობაში.
ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში მსმენელებმა თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკულ მაგალითებსა და კაზუსებზე იმსჯელეს. მაგალითები, ძირითადად, სასამართლო პრაქტიკიდან იყო აღებული და ყველაზე აქტუალურ საკითხებს მოიცავდა: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, სქესის, ეთნიკური/ეროვნული უმცირესობისადმი მიკუთვნებლობის საფუძველზე არსებული დისკრიმინაციული შემთხვევები და მათი სამართალწარმოება.
„გენდერული თანასწორობის“ ონლაინ ტრენინგკურსი ორ ეტაპად ჩატარდა და მას, ჯამში, სემეკის 50 თანამშრომელი ესწრებოდა.
ტრენინგკურსს უძღვებოდა ანა არგანაშვილი-არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც ადამიანის უფლებათა ადვოკატირების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
