სემეკის თანამშრომლებისთვის შშმ პირთა უფლებებზე ტრენინგი მიმდინარეობს
24 მაისი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკი) თანამშრომლობის ფარგლებში ტრენინგების ციკლს აგრძელებს.
ტრენინგკურსს - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და მათთან კომუნიკაციის ეტიკეტი“ სემეკის სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორები და მათი თანამშრომლები ესწრებიან.
კურსი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს და 6 სატრენინგო საათს მოიცავს. ტრენინგს სფეროს ექსპერტი რუსუდან კოხოძე უძღვება.
ტრენინგის თემატიკა მოიცავს როგორც კანონმდებლობას, ასევე პრაქტიკულ რეკომენდაციებს. მსმენელები ეცნობიან შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონს, გაეროს კონვენციას შშმ პირთა უფლებების შესახებ, ასევე რეკომენდაციებს შშმ პირებისთვის გარემოს, ინფორმაციისა და მომსახურების ხელმისაწვდომობაზე, შშმ პირებთან კომუნიკაციასა და მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობაზე.