საჯარო აუდიტის ინსტიტუტში სერტიფიცირების საშემოდგომო კურსი მიმდინარეობს
01 ოქტომბერი, 2021საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველი პირებისთვის სერტიფიცირების საშემოდგომო კურსს ატარებს.
სწავლება დისტანციურად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სერტიფიცირების კურსი ორ თემატურ მიმართულებას მოიცავს - საჯარო ფინანსები და აუდიტის ტიპები. საჯარო ფინანსების მიმართულებით მსმენელები საბიუჯეტო კანონმდებლობას და საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს (IPSAS) აითვისებენ, აუდიტის მიმართულება კი ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტების სიღრმისეულ შესწავლას გულისხმობს.
სერტიფიცირების საშემოდგომო კურსი, ისევე როგორც საზაფხულო კურსი, განახლებული სასწავლო მასალებითა და სახელმძღვანელოებით წარიმართება და ოთხი თვის ნაცვლად 10 კვირაში დასრულდება.
სერტიფიცირების საშემოდგომო კურსს 21 მსმენელი ყავს. მსმენელები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან-საჯარო უწყებების სსიპ-ების, სახელმწიფო კომპანიების, ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს პარლამენტის აპარატის, ასევე აუდიტორული, საფინანსო და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიების, არასამთავრობო სექტორისა და საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები.
სასწავლო მოდულებს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის კვალიფიციური ტრენერები უძღვებიან. სერტიფიცირების კურსზე სწავლება 22 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე გაგრძელდება.
სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მონაწილეები ხუთი წლის ვადით საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებას მოიპოვებენ.