საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების სახელმძღვანელო გამოსცა
31 მაისი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების უფლების მოპოვებით დაინტერესებული პირებისთვის სახელმძღვანელო გამოსცა.
სახელმძღვანელო აერთიანებს სერტიფიცირების პროგრამის სასწავლო დისციპლინებს - საბიუჯეტო კანონმდებლობა, ბუღალტრული აღრიცხვა საჯარო სექტორში, ფინანსური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი. სახელმძღვანელოში მოცემულია საერთაშორისო სტანდარტების პროფესიული და საკანონმდებლო მოთხოვნები. სახელმძღვანელო ასევე მოიცავს სასერტიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელ სანიმუშო ტესტებს შესაბამისი პასუხებით.
სახელმძღვანელო ორ წიგნად გამოიცა. პირველი წიგნის თემატიკა საბიუჯეტო კანონმდებლობას და საჯარო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს მოცავს, მეორე წიგნი კი აუდიტორულ მიმართულებებს აერთიანებს - ფინანსური შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტი.
სახელმძღვანელოს ავტორები არიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კვალიფიციური, წამყვანი პრაქტიკოსი აუდიტორები და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მოწვეული ტრენერები.
სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, უნივერსიტეტების და თბილისის მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებში. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, წიგნები რეგიონების მუნიციპალურ ბიბლიოთეკებშიც იხილონ.
სერტიფიცირების პროგრამის სახელმძღვანელო მომზადებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) პროექტის მხარდაჭერით.


