საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა დელოიტის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

04 მარტი, 2022

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი კერძო აუდიტორულ კომპანიებთან თანამშრომლობას აფართოებს. 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ამჯერად საერთაშორისო პროფესიული მომსახურების კომპანია „დელოიტთან“ გააფორმა. 

მხარეების მიზანია ხელი შეუწყონ საჯარო სექტორის სერტიფიცირებულ აუდიტორთა ახალი თაობის შექმნა-განვითარებას, შრომის ბაზარზე ორიენტაციას, სტაჟირებებში ჩართვას, აქტუალურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, პერსპექტიული კადრების მოზიდვას. 

მემორანდუმის ფარგლებში უწყებები შეთანხმდნენ, რომ აუდიტის თემებით დაინტერესებულ ახალ კადრებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ, ხელს შეუწყობენ სფეროს მიმართ ცნობიერების ამაღლებას.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა და კომპანია „დელოიტის“ საქართველოს ოფისის დირექტორმა გიორგი თავართქილაძემ მოაწერეს.

დელოიტი პროფესიული მომსახურების კომპანიების დიდ ოთხეულში შედის და საქართველოში პროექტებს 1995 წლიდან ახორციელებს. საჯარო აუდიტის ინსტიტუტს თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე აქვს გაფორმებული დიდი აუდიტორული ოთხეულის სამ წევრ კომპანიასთან; „KPMG საქართველო“, საერთაშორისო პროფესიული მომსახურების კომპანია EY (იუაი) და საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია PricewaterhouseCoopers-საქართველო. 

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა დელოიტის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა დელოიტის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
© 2019 ყველა უფლება დაცულია