საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენერთა ტრენინგი გამართა
31 მარტი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ორგანიზებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) თანამშრომლებისთვის ოთხდღიანი ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგს მარეგულირებელი კომისიის მენეჯერული რგოლის 15 წარმომადგენელი ესწრებოდა. სასწავლო კურსი ორ თემატურ მიმართულებას მოიცავდა - „ტრენერების ტრენინგი“ (TOT) და სასწავლო ცენტრის გამოცდილების გაზიარება. ტრენინგპროგრამა საჭიროებების კვლევის და ანალიზის საფუძველზე დაიგეგმა. პრაქტიკოსი და მომავალი ტრენერები სწავლების პრინციპებს, ეფექტურ კომუნიკაციას, საჯარო გამოსვლებისა და არავერბალური კომუნიკაციის თემატიკას გაეცნენ.
ტრენინგის პირველ ნაწილს უძღვებოდა საჯარო აუდიტის ინსტიტუტის კვალიფიციური ტრენერი ნანა მახათაძე, რომელსაც მსხვილ კერძო კომპანიებში სწავლებისა და განვითარების სამსახურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ტრენინგის ბოლოს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სერტიფიცირების და ტრენინგების განყოფილების უფროსმა, თინათინ სიყმაშვილმა მონაწილეებს სასწავლო ცენტრის გამოცდილება, გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკები გაუზიარა.
ოთხდღიანი ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.


