საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგკურსი „რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“ დაასრულა
30 ივნისი, 2021საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში“ საზაფხულო ნაკადის ტრენინგკურსი დაასრულა.
ტრენინგკურსს დისტანციურ რეჟიმში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ხუთი მუნიციპალიტეტის, აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის აპარატის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ტრენინგკურსის მიზანია, მსმენელებს დაეხმაროს სახელმწიფო შესყიდვების საფუძვლების და მისი თანმხლები პროცესების შესწავლაში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში შესყიდვებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებასა და მართვაში, მათი გამომწვევი მიზეზების გამოვლენასა და გადაჭრის გზების მოძიებაში, პროცედურების დანერგვაში.
სასწავლო პროგრამას, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი მიგნებების პრაქტიკულ მაგალითებზეა დაფუძნებული, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კვალიფიციური, პრაქტიკოსი აუდიტორები უძღვებოდნენ. ტრენინგი წელს უკვე მეორედ ჩატარდა და წლის ბოლომდე კიდევ ერთი ნაკადის მიღებაა დაგეგმილი.
შემაჯამებელი გამოცდის შემდეგ კურსის წარმატებული მსმენელები შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ.