საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სერტიფიცირების მორიგი კურსი დაიწყო

19 მაისი, 2021

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების საგაზაფხულო კურსზე მეორე ნაკადის ტრენინგები დაიწყო. 

სერტიფიცირების ეს კურსი ახალი  პროგრამით - განახლებული სასწავლო მასალებითა და სახელმძღვანელოებით ჩატარდება. სწავლება ინტენსიურ რეჟიმში წარიმართება და მსმენელები სრულ პროგრამას 10 კვირაში დაასრულებენ. აღსანიშნავია, რომ სერტიფიცირების კურსის ხანგრძლივობა ოთხ თვეს მოიცავდა. ახალი გრაფიკით, ამიერიდან კურსის ხანგრძლივობა ათკვირიანი იქნება. 

სერტიფიცირების კურსი ორ თემატურ მიმართულებას მოიცავს - საჯარო ფინანსები და აუდიტის ტიპები. საჯარო ფინანსების მიმართულებით მსმენელები საბიუჯეტო კანონმდებლობას და საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს (IPSAS)  აითვისებენ, აუდიტის მიმართულება კი ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტების  სიღრმისეულ შესწავლას გულისხმობს.  

სწავლება კვლავ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. სასერტიფიკაციო პროგრამას 14 მსმენელი ჰყავს. მსმენელებს შორის არიან საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის კერძო აუდიტორული კომპანიების თანამშრომლები, მუნიციპალიტეტების საფინანსო მიმართულების თანამშრომლები, მაგისტრატურის სტუდენტები და სხვა.  

სერტიფიცირების პროგრამა 17 მაისიდან 28 ივლისამდე გაგრძელდება. სასწავლო მოდულებს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის კვალიფიციური ტრენერები -  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დეპარტამენტების ხელმძღვანელები და წამყვანი აუდიტორები უძღვებიან. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები სასერტიფიკაციო გამოცდას ჩააბარებენ. 

სასწავლო პროცესის გრაფიკის ცვლა და განახლებული პროგრამა საჯარო აუდიტის ინსტიტუტს შესაძლებლობას მისცემს წლის განმავლობაში სერტიფიცირების პროგრამაზე მეტი მსურველი დაარეგისტრიროს.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სერტიფიცირების  მორიგი კურსი დაიწყო
© 2019 ყველა უფლება დაცულია