საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მუნიციპალიტეტებისთვის შიდა აუდიტის ტრენინგ-კურსი დაიწყო

06 ივლისი, 2020

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის შიდა აუდიტის ტრენინგ-კურსი დაიწყო.

ტრენინგი ორ ჯგუფად, დისტანციურ რეჟიმში, ონლაინ პლატფორმა Zoom-ის საშუალებით მიმდინარეობს. მასში ოთხი რეგიონის - სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეების 17  მუნიციპალიტეტის 24 საჯარო მოხელეა ჩართული.

სპეციალურად მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის შემუშავებული პროფესიული ტრენინგების პროგრამა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტებში აუდიტების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების, აუდიტორული მიგნებებისა და რეკომენდაციების მონიტორინგის მასალებზეა დაფუძნებული.

სასწავლო კურსის მიზანია შიდა აუდიტის მიმართულებით არსებული ხარვეზების პრევენცია, შიდა აუდიტის ფინანსური კონტროლის სისტემის ძირითადი პრინციპების შესწავლა და საერთაშორისო სტანდარტების გაზიარება.

სალექციო კურსს უძღვება  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მამრიკიშვილი.  

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა, მუნიციპალიტეტებისთვის პროფესიული ტრენინგების პროგრამის ფარგლებში, შიდა აუდიტის ტრენინგ-კურსი გასულ წელს დაიწყო. სამ ეტაპად ჩატარებულ სასწავლო კურსში  მონაწილეობა მიიღო 61-მა საჯარო მოხელემ აჭარის ა/რ-ის, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს 37 მუნიციპალიტეტიდან.

© 2019 ყველა უფლება დაცულია