საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „მოხელის მენეჯერული უნარების“ ტრენინგი დაასრულა

01 ივნისი, 2021

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „მოხელის მენეჯერული უნარების“ მორიგი ონლაინკურსი დაასრულა.

სასწავლო პროგრამა, რომელიც საჯარო სექტორში მომუშავე I და II რანგის მოხელეებისთვისაა განკუთვნილი, ამჯერად 16-მა პირმა გაიარა. ისინი იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, აჭარის, გურიის, შიდა ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, ასევე საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლები არიან.

მსმენელებმა სასწავლო კურსით გათვალისწინებული ხუთი მოდული გაიარეს: მართვა და ლიდერობა, ღირებულებები საჯარო სექტორში, ცვლილებების მართვა, ადამიანური რესურსების მართვა და ეფექტიანი კომუნიკაცია. ყველა მოდულს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის კვალიფიციური ტრენერები უძღვებოდნენ.

ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გამოცდას ჩააბარებენ და შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ. 

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამებზე“ აკრედიტაცია 2019 წელს მიიღო. ამ დროიდან მოხელის მენეჯერული უნარებისა და პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსს ყოველწლიურად საჯარო მოხელეთა რამდენიმე ნაკადი ამთავრებს. ეს ჯგუფი მიმდინარე წელს სასწავლო კურსის მეორე ნაკადი იყო. 2021 წელს აღნიშნული ტრენინგკურსი გაგრძელდება და მასზე რეგისტრაცია კიდევ იქნება შესაძლებელი.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „მოხელის მენეჯერული უნარების“ ტრენინგი დაასრულა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „მოხელის მენეჯერული უნარების“ ტრენინგი დაასრულა
© 2019 ყველა უფლება დაცულია