საჯარო აუდიტის ინსტიტუტი წამყვან აუდიტორულ კომპანიებთან თანამშრომლობას იწყებს

18 ივნისი, 2021

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საჯარო სექტორის სერტიფიცირებულ აუდიტორთა განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით წამყვან აუდიტორულ კომპანიებთან თანამშრომლობას იწყებს. 

ურთიერთთანამშრომლობის პირველი მემორანდუმი აუდიტორულ და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია BDO-სთან გაფორმდა.მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამის კურსდამთავრებულ, წარმატებულ, სერტიფიცირებულ აუდიტორებს გამოცდილების გაზიარებაში, სტაჟირებაში, სამსახურის მოძიებასა და სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდაში. 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა და აუდიტორული კომპანია BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა მოაწერეს. კერძო აუდიტორული კომპანია სისტემატიურად მიაწვდის ინფორმაციას საჯარო აუდიტის ინსტიტუტს მათთან არსებული სტაჟირების პროგრამის თუ  ვაკანსიების შესახებ, თავის მხრივ კი, საჯარო აუდიტის ინსტიტუტი დაეხმარება მათ სასურველი კადრის მოძიებაში. მხარეების საერთო მიზნების მისაღწევად, პერიოდულად, მემორანდუმით გათვალისწინებული სხვა აქტივობებიც განხორციელდება.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი განაგრძობს საქართველოში მოქმედ მსხვილ, კერძო აუდიტორულ კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებას. ორგანიზაცია გეგმავს, წლის ბოლომდე ყველა წამყვან აუდიტორულ კომპანიასთან გააფორმოს თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც კიდევ უფრო გაზრდის სფეროში პროფესიონალი კადრების შემოდინებას და მათი დასაქმების შესაძლებლობებს.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი წამყვან აუდიტორულ კომპანიებთან თანამშრომლობას იწყებს
© 2019 ყველა უფლება დაცულია