საჯარო აუდიტის ინსტიტუტი რუსთავის მერიის თანამშრომლებისათვის ტრენინგებს ატარებს
10 ივნისი, 2021საჯარო აუდიტის ინსტიტუტი რუსთავის მერიასთან კორპორატიული თანამშრომლობის ფარგლებში ტრენინგების ციკლს ახორციელებს.
თანამშრომლობის პროექტი ჯამში 11 ტრენინგის ჩატარებას ითვალისწინებს. თითოეული ტრენინგი სამიზნე ჯგუფებში ჩატარებული საჭიროებათა კვლევის საფუძველზე შემუშავდა და სხვადასხვა აქტუალურ მიმართულებას მოიცავს, მაგალითად - უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვა, ბიზნესის მხარდამჭერი მექანიზმები და სერვისები, საზოგადოებასთან ურთიერთობა და სტრატეგიული კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და ეფექტური კომუნიკაცია, კრეატიული აზროვნების მეთოდი გადაწყვეტილებებში და სხვ. ტრენინგების თემატიკა დაფარავს სხვადასხვა იურიდიულ საკითხსაც.
რუსთავის მერიის თანამშრომლები ასევე გაივლიან საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების სავალდებულო საბაზისო პროგრამებს: მოხელის მენეჯერული უნარები და პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება.
ტრენინგების ციკლი 24 მაისიდან 11 ივლისამდე გაგრძელდება. ტრენინგებს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის კვალიფიციური ტრენერები უძღვებიან. ტრენინგების ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კი სამუშაო სივრცეში მიმდინარეობს.
ჯამში, ამ ერთობლივი პროექტის ფარგლებში რუსთავის მერიის სხვადასხვა სამსახურის 100-მდე თანამშრომელი გაივლის გადამზადებას.