სახელმწიფო აუდიტორები შესაბამისობის აუდიტის განახლებულ მეთოდოლოგიას გაეცნენ
25 თებერვალი, 2021საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ორგანიზებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული დეპარტამენტების თანამშრომლები სპეციალურ ვორკშოპზე შესაბამისობის აუდიტის განახლებულ მეთოდოლოგიას გაეცნენ.
აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განახლდა შესაბამისობის აუდიტების მეთოდოლოგია და აუდიტის მართვის სისტემაში (AMS) სამუშაო დოკუმენტაციის ასახვის წესები. ვორკშოპზე აუდიტორები სწორედ ამ ახალ ინსტრუმენტებს გაეცნენ და სამუშაო რეჟიმში განიხილეს შეთავაზებული სიახლეები.
მიმდინარე ცვლილებების გაცნობასთან ერთად სამუშაო შეხვედრებზე აუდიტორებისგანაც მოისმინეს მოსაზრებები და მათი გათვალისწინებით კიდევ უფრო დაიხვეწება მეთოდოლოგიური დოკუმენტები.
ვორკშოპზე მიღებული ცოდნა-გამოცდილების შემდეგ აუდიტორები გაიუმჯობესებენ აუდიტის მართვის სისტემაში (AMS) სამუშაოდ აუცილებელ უნარ-ჩვევებს, ასევე შეძლებენ შესაბამისობის აუდიტების განახლებული მეთოდოლოგიის შესაბამისად ჩატარებას, რაც თანხვედრაში იქნება საერთაშორისო სტანდარტების ყველა ძირითად მოთხოვნასთან.
ვორკშოპი თითქმის ერთ თვეს მიმდინარეობდა და მასში აუდიტორული დეპარტამენტების 109 თანამშრომელი მონაწილეობდა.
ვორკშოპები GIZ -ის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.