საერთაშორისო სასწავლო პროექტის ფარგლებში ბაქოში ტრენერები გადამზადდნენ
08 მაისი, 2023საჯარო აუდიტის ინსტიტუტისა და აზერბაიჯანის საანგარიშო პალატის თანამშრომლობით განხორციელებული საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ბაქოში პირველად გაიმართა „ტრენერთა ტრენინგი“. ტრენერთა მომზადების სპეციალურ კურსს აზერბაიჯანის საანგარიშო პალატის 18 თანამშრომელი დაესწრო.
ტრენინგპროგრამა საჭიროებების კვლევისა და ანალიზის საფუძველზე დაიგეგმა. პროგრამა მოიცავდა ზრდასრულთა სწავლების ძირითად პრინციპებს, ტრენინგის შინაარსის შემუშავებისა და მიწოდების ტექნიკებს, ეფექტურ კომუნიკაციას და ტრენინგის შეფასების მეთოდოლოგიებს.
სასწავლო პროცესში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიებში და შეესრულებინათ პრაქტიკული სავარჯიშოები - როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად. პრაქტიკული დავალებები და სავარჯიშოები მათ დაეხმარება მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანასა და საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში.
ტრენინგის უძღვებოდნენ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის თამშრომლები: თინათინ სიყმაშვილი, გვანცა ვახტანგაშვილი და ნინი ხუროძე.
ორდღიანი ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალში აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის მოადგილე რევაზ საყვარელიძე და აზერბაიჯანის საანგარიშო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ნასირ სადიგოვი მონაწილეობდნენ.
