საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორისთვის რისკზე ორიენტირებული შიდა აუდიტის სასწავლო პროგრამა დაიწყო
09 დეკემბერი, 2019ახალი სასწავლო პროგრამა, რომელიც რისკზე ორიენტირებულ შიდა აუდიტის წარმოებისა და პროცედურების მოდულებს მოიცავს, სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის დაიგეგმა.
მსმენელები კურსის განმავლობაში შიდა აუდიტის პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან ერთად, გაეცნობიან ქართულ რეალობასთან ადაპტირებულ საუკეთესო პრაქტიკებს. ასევე შეისწავლიან შიდა აუდიტის თანამედროვე მიდგომებს, მეთოდოლოგიასა და ტექნიკებს.
სასწავლო კურსს 26 მსმენელი ჰყავს. ისინი სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციების, აფხაზეთის მთავრობის და ასევე კერძო კომპანიების შიდა აუდიტის და მომიჯნავე სამსახურების თანამშრომლები არიან.
სასწავლო კურსს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ტრენერი, ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა კიკნაძე უძღვება.
ტრენინგის მონაწილეებს გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორი გელა წიკლაური შეხვდნენ. შეხვედრაზე შიდა აუდიტის გამოწვევებსა და ტრენინგის თემატიკის აქტუალობაზე ისაუბრეს.