კორპორატიული ტრენინგი თბილისის მერიის თანამშრომლებისთვის
11 აპრილი, 2025საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგკურსი - „სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა“ დაასრულა.
სასწავლო კურსს თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 11თანამშრომელი ესწრებოდა.
სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ხარჯთაღრიცხვის შედგენის ძირითად მეთოდოლოგიებს, პირდაპირი ხარჯებისა და დანარიცხების კალკულაციის პრინციპებს. კურსი ასევე მოიცავდა სამშენებლო კონტრაქტების ტიპების ანალიზს და მათ გავლენას ხარჯთაღრიცხვის სიზუსტეზე, პროექტების ფინანსური მონიტორინგისა და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის შეფასების საკითხებს. ტრენინგზე ასევე განიხილეს პრაქტიკული მაგალითები და გაცვალეს გამოცდილებები აქტუალურ საკითხებზე.
სამდღიან ტრენინგკურსს ალექსანდრე ახვლედიანი უძღვებოდა, რომელსაც სამშენებლო ბიზნესში პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.