დედაქალაქის გამგეობების თანამშრომლებისთვის საჯარო მოხელეების ტრენინგი დასრულდა
18 აპრილი, 2022საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა „საჯარო მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების“ მორიგი ონლაინკურსი დაასრულა.
სასწავლო კურსი 34 მსმენელისთვის ორ ჯგუფში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ტრენინგს სამგორის, ნაძალადევის, ჩუღურეთის, საბურთალოს, კრწანისის რაიონების გამგეობის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
საჯარო სექტორში მომუშავე III და IV რანგის მოხელეთათვის განკუთვნილი პროგრამა სრულად პასუხობს საქართველოს მთავრობის 242 დადგენილებით გათვალისწინებულ კომპეტენციებს და მოიცავს ოთხ მოდულს: ეთიკა საჯარო სამსახურში, ადმინისტრაციული წარმოება, ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა, პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა.
ტრენინგი 4 აპრილს დაიწყო და 15 აპრილს დასრულდა. გამოცდის შემდეგ, წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამებზე აკრედიტაცია 2019 წელს მიიღო. ამ დროიდან მოხელის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსს ყოველწლიურად საჯარო მოხელეთა რამდენიმე ნაკადი ამთავრებს.
მიმდინარე წელს, საჯარო აუდიტის ინსტიტუტი კიდევ გეგმავს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ტრენინგების ჩატარებას.