ახალი ტრენინგკურსი - „ბიზნესპროცესების მართვის და ოპტიმიზაციის პრაქტიკები“ დასრულდა
15 ივლისი, 2021საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ახალი ტრენინგკურსი დაასრულა-„ბიზნესპროცესების მართვის და ოპტიმიზაციის პრაქტიკები“. ამ თემატიკის კურსი ინსტიტუტის ორგანიზებით პირველად ჩატარდა.
ტრენინგკურსის მიზანს ორგანიზაციაზე მორგებული, შიდა პროცესებზე დაფუძნებული ეფექტიანი მართვის სისტემის შექმნა და ორგანიზაციის შესაძლებლობების ზრდის ტექნიკების შესწავლა წარმოადგენს.
ბიზნეს პროცესების მართვის ინსტრუმენტებისა და პრაქტიკების დახმარებით, მსმენელები შეძლებენ სწორად და დროულად შეაფასონ კომპანიაში არსებული გამოწვევები და მოძებნონ ეფექტიანი გზები რესურსების ოპტიმიზაციისა და საბოლოო შედეგების გაუმჯობესებისთვის.
ტრენინგს რვა მსმენელი ჰყავდა - მათ შორის იყვნენ საბანკო სფეროს, ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები და საჯარო უწყებების თანამშრომლები. სალექციო კურსი 5 ივლისიდან 14 ივლისამდე მიმდინარეობდა. წარმატებულ მსმენელებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.
ტრენინგს ბიზნესკონსულტანტი და ქოუჩი ეკატერინე ხოფერია უძღვებოდა, რომელსაც მენეჯერულ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

